„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩეველს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა. ანგარიშში ჩამოთვლილია შვიდი ქმედება, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოს არჩევნების წინ; მათ შორის: ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, შეერთებული შტატების კონგრესში „ქართული ოცნების“ მთავრობის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებისთვის კანონმდებლობის წინ წაწევა, ამერიკის მხრიდან მმართველი პარტიის ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადი და ფინანსური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა და მედიის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა. დოკუმენტში ასევე მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.