78 წლის ასაკში თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; იყო კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი. მუსიკოსს მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, პრემია და პრიზი. 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი, მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია; 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.