„ღამის სერენადები“ გრძელდება

მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება. ფესტივალის თბილისური საღამოების მეორე კონცერტი საფორტეპიანო მუსიკას დაეთმო. ბეთჰოვენის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულმა, ამჟამად მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის პროფესორმა და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეულმა პიანისტმა ანტი სიირალამ შეასრულა ბეთჰოვენის მუსიკა, რომელსაც მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ასევე იოზეფ ჰაიდნის, იოჰანეს ბრამსისა და რობერტ შუმანის საფორტეპიანო ნაწარმოებები. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართა დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები. ფესტივალის „ღამის სერენადები“ დამფუძნებელი მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა.