ლევან იზორიას ახალი ინიციატივა - „მინისტრის პირისპირ“
ლევან იზორიას ახალი ინიციატივა - „მინისტრის პირისპირ“

ტოტალური თავდაცვისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სამხედრო წვრთნები, განათლება და პროფესიული განვითარება, ძალთა შენარჩუნება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური მხარდაჭერა და სახელფასო უზრუნველყოფა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამხედრო მრეწველობის განვითარება – ეს თავდაცვის მინისტრის თქმით, 2019 წლის გეგმაა. ლევან იზორიამ ახალი პროექტი დაიწყო – ,,მინისტრის პირისპირ” და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან გამართა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს დაგეგმილ სწავლებებსა და მისაღებ გადაწყვეტილებებზე.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედროების ნაწილს თავდაცვის ძალებიდან ათავისუფლებენ. სწორედ მაშინ ისაუბრა ამ თემაზე გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მაშინ თქვა, რომ არცერთი სამხედრო სამსახურის გარეშე არ დარჩება და უწყებაში მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში ხდება. ჩაჩიბაიამ მაშინ ისიც დასძინა, რომ ეს ტრანსფორმაციის პროცესი თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის ნაწილია. უკვე რამდენიმე კვირის წინ გენერლის ეს ნათქვამი მინისტრმა თავად განმარტა: – „წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაა. თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად აქცენტი მცირე ზომის ქვედანაყოფებზე კეთდება, რომლებსაც, ბრიგადის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ და ეს მათი ავტონომიურად მოქმედების ხარისხს გაზრდის“. ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლები სამხედროების ბედით დავინტერესდით. ამ საკითხზე მინისტრი ამბობს რომ „სტრუქტურული ცვლილებები სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას არ გულისხმობს და ჯარისკაცების შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა არ მოხდება“.

თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის  მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტად მინისტრი საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარებას ასახელებს. იზორია ამბობს, რომ წელს ყურადღება მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემის შეძენას დაეთმობა, რომლის შესყიდვაც ფრანგული მხარისგან მოხდება. მინისტრის თქმით, შვეულმფრენების მოდერნიზებისთვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, რომელიც შვეულმფრენის მოდერნიზებას მოხმარდება და წელსვე  საქართველოს თავდაცვის ძალებს „იროკეზის“ ტიპის 7 მოდერნიზებული შვეულმფრენი ეყოლება.  ცნობისათვის, დაახლოებით 20 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 4 „იროკეზი“ ჰყავდა. ამ ხნის განმავლობაში  მათი რიცხვი   სამით გაიზარდა.

მინისტრმა საინჟინრო შესაძლებლობებისა და სპეციალური ოპერაციული ძალების რეორგანიზაციაზეც ისაუბრა. იზორია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია წარმატებით განახორციელა. „ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სპეციალური ოპერაციის ძალების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვაა. რეორგანიზაცია წარმატებით განვახორციელეთ და შემდგომი თვეები დაეთმობა სწორედ ამ დანაყოფების გაძლიერებას. კერძოდ, სპეციალური ოპერაციების ძალები ბატალიონების სახით თანაბრად გადანაწილდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის მიმართულებით“. იმ ფონზე, რომ მსოფლიოს ბევრ დიდ სახელმწიფოში სპეციალური დანიშნულება ძირითადად ერთ ბაზაზეა დისლოცირებული, რატომ დადგა  საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების გაყოფა და როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გადანაწილება აუცილებელი- ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

იზორიას თქმით, სამხედრო განათლება და წვრთნები წლის პრიორიტეტული მიმართულება იქნება და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ინსტიტუციონალიზებაზე გაკეთდება. რას გულისხმობს მინისტრი? ამბობს, რომ „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ძალიან წარმატებით ხორციელდება, უკვე ორმა ქვეითმა ბატალიონმა გაიარა შესაბამისი მომზადება. წელს კი დამატებით სამი ქვეითი ბატალიონი გაივლის ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებას. ამ პროგრამით მიღებული გამოცდილება ჩვენი თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და წვრთნების განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, ამ მიმართულების ფარგლებში გახლავთ საბრძოლო მომზადების ცენტრის გაფართოება. იცით, რომ 2018 წელს ჩვენ შევქმენით რეგიონში უპრეცედენტო, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად და უკვე ვგეგმავთ წელს მისი შესაძლებლობების გაფართოებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ვაზიანში არსებული შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის გამოყენებას, არამედ, მის მიმდებარე იმ საწვრთნელი ინფრასტრუქტურის გამოყენებას, როგორიც არის კრწანისის, ნორიოს, ალგეთის შესაძლებლობები. გვაქვს ამბიცია, ეს ინფრასტრუქტურა იყოს მზად, როგორც მრავალეროვნული სწავლებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით განვახორციელეთ, არამედ, ასევე ცალკეულმა პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ნატო-ს წევრმა ქვეყნებმაც თავიანთი საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად შესაბამისი სწავლებები ამ უკვე გაფართოებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში გაიარონ და ჩვენ გვქონდა ისტორიული პრეცედენტი შარშან. ვფიქრობ, წინასაარჩევნო ბატალიების გამო განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიაქციეთ – პირველად საქართველოს ისტორიაში აშშ-ის ასეული თავისი საბრძოლო მომზადების შეფასების მიზნით, ახორციელებდა შესაბამის სწავლებებს და წვრთნებს სწორედ ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე. ეს პოლიტიკა ამ ბაზების გაფართოების კვალობაზე წელს კიდევ უფრო იქნება გააქტიურებული. ასევე ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ სამეთაურო საშტაბო კურსი და გვაქვს შემუშავებული სპეციალური კურსები და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სერჟანტთა სამეთაურო- საშტაბო კურსის განვითარებას, რომელიც გასული წლის მიწურულს დავიწყეთ“. საარჩევნო ბატალიების გამო ჟურნალისტებმა აღნიშნულ სწავლებას ყურადღება ვერ მივაქციეთ,თუმცა, თავდაცვის სამინისტროსაც არ ჰქონია შეთავაზება გაშუქებასთან დაკავშირებით. მედია არ იყო წინასწარ ინფორმირებული სათანადოდ, მაგრამ ამასაც არ გავუსვათ ხაზი, დავიტოვოთ იმედი, რომ მარტში დაგეგმილ სამეთაურო-საშტაბო სწავლების შესახებ მაინც შევძლებთ  ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. სწავლება მნიშვნელოვანია და ის ნატო-ს დახმარებით განხორციელდება. წინასწარ ისიც ცნობილია, რომ ნატო-ს წევრმა და პარტნიორმა, ჯამში 22-მა სახელმწიფომ უკვე გამოთქვა სწავლებაში მონაწილეობის მიღების სურვილი თუმცა,  დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ კურსი სხვადასხვა უწყების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება.

კიდევ ერთ სწავლებას უწოდა უპრეცედენტო მინისტრმა. იზორიას თქმით „Agile Spirit“ წელს დასავლეთ საქართველოში ჩატარდება და ეს იქნება ისტორიაში ყველაზე ფართმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელიც აქ გაიმართება. ბუნებრივია, იბადება კითხვა – რატომ ხდება დასავლეთის ფლანგის ასეთი მზარდი გაძლიერება  თუმცა ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე უცნობია .

ლევან იზორია პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში შემდეგ შეხვედრას ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ  მეტი დეტალი  მაშინ მაინც გახდება ცნობილი.