რუსთაველის გამზირზე 7 და 8 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. გადაწყვეტილებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის აქტივისტების მხრიდან. ბრალდებული წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა. პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება წარდგენილი დანაშაული. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. მან ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.