პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას დატოვებს. სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჯერ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გადაგზავნოს. ამის შემდეგ შეწყალების აქტს პრეზიდენტი მოაწერს ხელს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებას დაუბრუნდება და ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს დატოვებს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს ხუთდღიანი ვადა აქვს, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტთან ხვალვე გადაიგზავნება. შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მოსამართლემ გრიგორიადისს 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციის ავტომანქანის დაწვისთვის თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის კი – 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, მას 9-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.