ცნობილი რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას წყვეტს.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიზეზი არხის ერთ-ერთი წამყვანის განცხადება გახდა, რომელიც ქვეყნის შიგნით რუსეთის არმიის დახმარებად აღიქვეს. შესაბამის უწყებებს ტელევიზიის მიმართ სხვა პრეტენზიებიც აქვთ. რუსეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა არხმა რიგიდან მაუწყებლობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მალევე დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე რუსეთში „დოჟდის“ ჟურნალისტებს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ, რის გამოც ტელევიზიის მაუწყებლობა რუსეთის ტერიტორიაზე შეჩერდა. ლატვიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას და სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებას ტელეკომპანია აპროტესტებს და რეაგირებას არ გამორიცხავს.