15 წელი 7 ნოემბრის აქციის დარბევიდან

მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა.

2007 წელს ანტისახელისუფლებო აქციების სასტიკი მეთოდებით დარბევა და კერძო ტელეკომპანიაში შეჭრა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით დასრულდა. მაშინდელი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გასულ დემონსტრანტებს ხელისუფლება კანონმდებლობით აკრძალული რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდა. რუსთაველის გამზირის შემდეგ მოვლენების ეპიცენტრში რიყე მოექცა – ფართომასშტაბიანი აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის დროს მძიმედ დაშავდა და დაზარალდა ასეულობით ადამიანი. დღის დასასრული კი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და არხის გათიშვა იყო. 7 ნოემბრის გამო მაშინდელი ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა.

დანაშაული თუ შეცდომა – წლების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები არაერთგვაროვანია.