დღეიდან, 13 დეკემბრიდან ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულება მიიღებს. კლინიკა სათანადო სამედიცინო აპარატურით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა“ და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით აღიჭურვა. დიალიზის კაბინეტი ყოველდღიურად იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ 15 ბენეფიციარს მოემსახურება. შესაბამისი გადამზადება გაიარა სამედიცინო პერსონალმა. კაბინეტის მუშაობაში ჩართულები არიან მოწვეული სპეციალისტები. ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს აქამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა. დიალიზის ახალგახსნილი კაბინეტი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მესტიის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის შემდეგ, დიალიზის სერვისი უახლოეს მომავალში ყაზბეგსა და თიანეთში ამოქმედდება.