პარლამენტში ახალი ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ შექმნის გამო, კომიტეტებში, კომისიებსა და საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა კვოტები იცვლება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებით, 13-წევრიან კომიტეტში – ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შვიდი წევრი, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“- ერთი წევრი ეყოლება. უფრაქციო დეპუტატები კი ხუთი წევრით იქნებიან წარმოდგენილნი.
ცვლილებები შეეხო საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასაც. საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა 4-დან 6-მდე გაიზარდა, საიდანაც უმრავლესობასა და ოპოზიციას მათი კვოტების მიხედვით სამ-სამი წევრი ეყოლება. ოპოზიციის წევრებიდან ერთი კვოტა „ლელოს“ ექნება.