რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკებისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული ერთ მილიარდზე მეტი ლარი – ჯანდაცვის სამინისტრო 100-ზე მეტ საავადმყოფოში აუდიტს ატარებს.
ფინანსები, ინფექციის კონტროლი, სამკურნალო პროტოკოლის მონიტორინგი – შემოწმება სამი მიმართულებით მიმდინარეობს. თუმცა სამედიცინო სფეროში ვნებათაღელვის მიზეზი ხდება მოკვლევის დასრულებამდე ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული საკმაოდ მწვავე განცხადებები დარღვევებსა და შესაძლო დანაშაულებზე. კლინიკების მენეჯერები მიყენებულ რეპუტაციულ ზიანზე საუბრობენ და სამინისტროსგან კლინიკების დაკონკრეტებას ითხოვენ. მათ შორისაა კოვიდის კლინიკური მართვის ხელმძღვანელი და თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, რომელმაც სამსახურიდან წასვლაც კი არ გამორიცხა. რამდენიმე წუთში გავიგებთ, რჩება თუ არა ის დაკავებულ პოზიციაზე. თენგიზ ცერცვაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მანამდე კი ვნახოთ ის განცხადებები, რომლებიც თენგიზ ცერცვაძის ემოციურ წერილს უძღოდა.