კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადავლილია. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები ყოველდღე საგრძნობლად მცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების, ლეტალობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები წინა თვესთან შედარებით მკვეთრად დაკლებულია. სამედიცინო სექტორის პროგნოზები ოპტიმისტურია. რაც შეეხება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებულ ახალ შტამს – „დელტამიკრონს“, ეპიდემიოლოგების შეფასებით, მას ეპიდემიის მორიგი ტალღის გამოწვევის უნარი, სავარაუდოდ არ ექნება. თუმცა, ახლა ექიმებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას პოსტ-კოვიდური გართულებების მართვა წარმოადგენს. ამ კუთხით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. პოსტ-კოვიდური სინდრომის შემთხვევები ფიქსირდება ბავშვებშიც.