„კოვიდ 19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 231 მილიონს გადააჭარბა. პანდემიას დღემდე 4 მილიონ 740 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გასული ერთი თვის განმავლობაში, 4 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, სადაც ამავე პერიოდში, ვირუსს 50 ათასამდე ადამიანი შეეწირა. მილიონამდე ახალი შემთხვევა აღრიცხეს გაერთიანებულ სამეფოსა და ინდოეთში. ბოლო ერთ თვეში, ახალ შემთხვევათა რიცხვი 600 ათასს აღემატება თურქეთში, ირანსა და ბრაზილიაში. კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას იწყებს ჰამბურგი, სადაც კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში, ასევე კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში, ვაქცინირებული ან ვირუს-გადატანილი პირებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ზომებს ამსუბუქებს ნორვეგიაც, სადაც სოციალური დისტანცია და ე.წ. დამცავი ფარების გამოყენება საჭირო აღარ იქნება.