„ომიკრონის“ გავრცელების ტემპი სულ უფრო იზრდება. მარტო ბოლო ერთ დღეში ახალი შტამის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა. ამ მომენტისთვის ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული ვარიანტი 600 ადამიანს აქვს დადასტურებული. თუმცა რეალური მონაცემები, სავარაუდოდ, სამ-ოთხჯერ მეტია. მკვეთრად არის გაზრდილი დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც 10%-ს უახლოვდება. 7 იანვარს „კოვიდ-19“ 4234 ადამიანს აღმოაჩნდა, ეს 8 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეპიდემიოლოგები მთავარ მიზეზად „ომიკრონის“ შიდა გავრცელებასთან ერთად გაზრდილ მობილობას ასახელებენ. ფაქტია, რომ ყველგან, ასევე ზამთრის კურორტებზე, რეგულაციები უხეშად ირღვევა და აღსრულების კონტროლიც პრაქტიკულად არ ხდება.