კოვიდ-სტატისტიკა კვირიდან კვირამდე სულ უფრო უარესდება.
12-დან 19 ივლისამდე „კოვიდ-19“ 8 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 1 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. სტატისტიკის ზრდა უკვე აისახა სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც. რეგულაციების პრაქტიკულად მოხსნის ფონზე ეპიდემიოლოგები ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებენ და ხალხმრავალ დახურულ ადგილებში მაინც, მოქალაქეებს ნიღბების ტარებას ურჩევენ. რაც შეეხება მიმდინარეობას, დაკვირვება აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამები ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და გართულებები იშვიათად ახლავს. საქართველოს მსგავსად, სიტუაცია რთულია ევროპის ქვეყნებშიც, სადაც შემთხვევების რაოდენობამ სამჯერ მოიმატა.