კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ანდრეა კოცოლინო დააკავა. ორდერი ბელგიის ხელისუფლებამ გასცა, რომელმაც 10 თებერვალს ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავა. კოცოლინოს ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახლა შინაპატიმრობაში იმყოფება. ბელგიური მხარე კოცოლინოს ექსტრადირებას ითხოვს. ამ საკითხს სასამართლო სამშაბათს, 14 თებერვალს განიხილავს. ევროპარლამენტმა ტარაბელასა და კოცოლინოს იმუნიტეტი გასულ ხუთშაბათს მოუხსნა. შეგახსენებთ, 2022 წლის 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. 11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.