„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. კვლევაში აღნიშნულია, რომ რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. მონაცემების მიხედვით, „უფრო მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება“. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მიხეილ დუნდუას თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს.