შარშანდელი მძიმე სურათი მეორდება.
საავადმყოფოების რეანიმაციებსა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტია. სამედიცინო პერსონალი შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზე მუშაობს. ჰოსპიტალიზირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. ზოგიერთ კლინიკას კი არცერთი აცრილი პაციენტი არ ჰყავს. რაც ყველაზე საგანგაშოა – კორონავირუსის გამო ყოველდღე ქვეყანა საშუალოდ ოთხმოც ადამიანს კარგავს. პირველი ნოემბრიდან დღემდე, ანუ ბოლო ორ კვირაში, „კოვიდ-19“-ის გამო 1 051 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ ქვეყანა ახლა აუცრელთა პანდემიას ებრძვის. ვაქცინაციის დაბალი ტემპის და ყველა შეზღუდვის მოხსნის ფონზე ინფექციის შემაკავებელი ერთადერთი საშუალება პირბადეა, რომელსაც მოსახლების ნახევარზე მეტი აღარ ატარებს. ეპიდემიოლოგებს იმედი აქვთ, რომ ინფექციის სწრაფ გავრცელებას პირველი დეკემბრიდან მწვანე საშვების ამოქმედება შეაჩერებს, თუმცა კოვიდ-გადატანილი მოქალაქეების მიმართ მწვანე პასპორტების სისტემას მედიკოსები ზედმეტად რბილად მიიჩნევენ და ხელისუფლებას გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვენ.