კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში 

ყოველდღიურად გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების დაახლოებით 10 % ბავშვებზე მოდის.

მხოლოდ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით დღეს 155 მოზარდი მკურნალობს, მათგან 15 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არიან რამდენიმე დღის დაბადებული ჩვილებიც. პედიატრები განმარტავენ, რომ საკუთარი შვილების დაცვის საუკეთესო მეთოდი მშობლების და ოჯახის წევრების აცრაა. ისინი ასევე ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს და ამბობენ, რომ დედის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ბავშვზეც ვრცელდება და ვირუსით ინფიცირებისგან იცავს. ამ დროისთვის საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია 16 წლიდან, „ფაიზერის“ ვაქცინით არის შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუ ჯანმო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველო მზად არის ბავშვთა იმუნიზაცია უფრო დაბალი ასაკიდან დაიწყოს.