ქვეყანა პანდემიის მეექვსე ტალღის ყველაზე რთულ ფაზაშია.
ყოველდღე „ომიკრონის“ შემთხვევები რამდენჯერმე იზრდება. ამ მომენტისთვის კორონავირუსს 151 000-ზე მეტი ადამიანი ებრძვის. ეს დღემდე გამოვლენილი აქტიური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სპეციალური კვლევა იმის შესახებ, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა შორის რამდენ ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და როგორია ამ შტამით ინფიცირებულებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი. „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გამო ახლა მთავარი ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და ოჯახის ექიმების რაოდენობის ზრდაზეა გადატანილი. ხვალ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების შესახებ. ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო ყოველდღიურად ონლაინ-რეჟიმზე გადასული კლასების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, პიკის პერიოდი ორ კვირას გაგრძელდება, თებერვლის მეორე ნახევრიდან კი ინფიცირების დინამიკის კლებაა მოსალოდნელი.