რთულია ვითარება მსოფლიო მასშტაბით. იტალიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები დაიშვებიან. დღეისათვის ევროკავშირში 200 მილიონამდე ადამიანი უკვე სრულად არის აცრილი. როგორც ბრიუსელში განმარტავენ, ეს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტია, თუმცა მიზანია, ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია. საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსს 4 მილიონ 135 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.