მორიგი ეპიდ-აფეთქება და კიდევ უფრო მძიმე პროგნოზები – საქართველოში დღეს კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება.
ხელისუფლების მიმართ კონკრეტული მოწოდებების გაჟღერების შემდეგ პრეზიდენტი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო. რისკ-ჯგუფების სავალდებულო აცრა, აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობის განხილვა, მწვანე პასპორტების დანერგვა – სალომე ზურაბიშვილის პირველი და მეორე რეკომენდაციების შესრულებას ხელისუფლება ამ ეტაპზე არ განიხილავს. რაც შეეხება მწვანე საშვებს, რაც საჯარო სივრცეებში ვაქცინაციის საბუთის ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას გულისხმობს, ამ სისტემის ამოქმედებაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები ამ რეგულაციის სასწრაფოდ დაწესებას ითხოვენ, აუცრელთა ეპიდემიაზე საუბრობენ და ყოველ დღეს დაგვიანებულად მიიჩნევენ. თბილისის რამდენიმე წამყვანი კოვიდ-კლინიკა გადატვირთვის ზღვარზეა.