ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-მა ორი პირი დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. სპეციალური ოპერაცია ბათუმში, ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.