კონტროლის მცდელობა თუ დახმარება მართლმსაჯულებას

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ბოლო მწვავე წერილს არანაკლებ მწვავე პასუხი მოჰყვა.

ამერიკის საელჩო ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს უგუნურ განცხადებებად აფასებს და ოთხი დეპუტატის მმართველი გუნდისგან გამიჯვნას ეჭვქვეშ აყენებს. ხუნდაძის, ყაველაშვილის, სუბარის და მაჭარაშვილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებაში და ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში დადანაშაულებული ელჩი პოლარიზაციის ზრდის მიზეზად შეუსრულებელ დაპირებებს, 20 ივნისის მოვლენებს და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ქმედებებს გულისხმობს. ტონი საკმაოდ მკაცრი იყო, 20 ივნისზე საუბრის დროს ელჩმა ფრაზა „გავრილოვის ღამე“ გამოიყენა. კელი დეგნანისთვის გაუგებარია, რატომ გახდა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული კონსულტაციები ასეთი მძიმე გამოხმაურების მიზეზი. უკვე გასაჯაროებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებას აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას მართლმსაჯულების რეფორმის დროს სთხოვს.