კონსულტაციები იუსტიციის საბჭოს დასაკომპლექტებლად

იუსტიციის საბჭოს ორი ვაკანტური ადგილის შევსება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ხელისუფლება ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს, ოპონენტების დიდი ნაწილი უარზეა. მესამე ტურში გადასული ოთხი კანდიდატიდან ოპოზიციური პარტიებისთვის არც ერთია მისაღები, რის გამოც მმართველ გუნდთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავენ. პროცესისადმი უნდობლობა ოპოზიციას წინა კვირას განვითარებულმა მოვლენებმა გაუღრმავა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ სრული შემადგენლობის და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს. სამივე მათგანს ოპოზიციური პარტიები სახელისუფლებო კანდიდატებად მიიჩნევენ და მათ მხარდამჭერ ოპოზიციონერ დეპუტატებს მმართველ პარტიასთან ფარულ გარიგებაში სდებენ ბრალს. როგორც ჩანს, პროცესი მომავალ კვირას დანიშნულ კენჭისყრაზეც ხმაურიანად წარიმართება. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების გარშემო 90 ხმა ვერ მოგროვდება, რაც ნიშნავს, რომ შერჩევის პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს. პროცესი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორისაა.