ამ წუთებში, სასტუმრო „რედისონში“ კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“ მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, საქართველოს დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის – „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი, ულრიკ ჰააგერუპი ესტუმრა. კონფერენციის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს. კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, მედიაწიგნიერების და მედიის ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, მედიის მიმართულების ხელმძღვანელები უნივერსიტეტებიდან და სტუდენტები ესწრებიან. კონფერენცია საჯარო ლექციას და კითხვა-პასუხის ფორმატს მოიცავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერებისთვის, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან, თერთმეტმა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება და წლის ბოლომდე, ჯამში, პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული.