კომუნიკაციების კომისია სარეკლამო პროდუქტების განთავსების დარღვევებზე მაუწყებლების წინააღმდეგ რვა თვე სანქციებს არ გამოიყენებს. უწყება ამ გარდამავალ პერიოდში მათ საშუალებას მისცემს მოვიდნენ კანონთან შესაბამისობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ კონფერენციაზე „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები“ გააჟღერა. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართულ სატელევიზიო გადაცემებში პროდუქტის განთავსების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მისი თქმით, დღევანდელ სამაუწყებლო სივრცეში ხშირად წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმა ხდება, რის გამოც, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ქართული სატელევიზიო ბაზრის კვლების პროცესში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა და მედიაექსპერტებმა.