კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროკავშირის ექსპერტი დომაგო იურიევიჩი უძღვებოდნენ. პრეზენტაციის დროს საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა კვლევის მეთოდოლოგის, გამოკვლეული გარემოებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ, რომლის მიხედვით, ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკრეტულია და საჭიროებს რეგულირებას, ხოლო „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია. კომისია ბაზრის კვლევის შედეგებს 6 ივნისს, საჯარო სხდომაზე განიხილავს, გადაწყვეტილებას კი აღნიშნულის შესახებ 13 ივნისის მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრები ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, კომპანია „მაგთიკომს“ შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევის დროს, ყველა ეტაპზე იყვნენ ტელეკომოპერატორები ჩართული. დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზიანზე, რომელიც ბაზრის არაკონკურენტულობის გამო ქართველ მომხმარებელს ადგება. პრეზენტაციის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ექსპერტები არსებული პრობლემების გადაჭრის გზად კომპანია „მაგთიკომისთვის“ სამი სხვადასხვა ვალდებულების დაკისრებაში ხედავენ.