კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონის გამოსაცხადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. იქედან გამომდინარე, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მოთხოვნა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ აუქციონს მეორედ გამოაცხადებს, რათა კომპანიებმა აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. დაინტერესებულმა მხარეებმა კომენტარები კომუნიკაციების კომისიაში 6 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ, ხოლო ზეპირი მოსმენა 10 სექტემბერს გაიმართება.
5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.