ინფორმაცია, რომელიც „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.
შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სამსახურის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეები ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას მაისიდან მიიღებენ. ახლა ყველაზე მეტი კითხვა თვითდასაქმებულების გარშემო ჩნდება: როგორ უნდა დაასაბუთონ ამ კატეგორიაში შემავალმა პირებმა, რომ ეპიდემიამდე მათ შემოსავლები ჰქონდათ. ხელისუფლებამ დილემის გადასაჭრელად თვითდასაქმებულები ორ ნაწილად, ანუ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მოქალაქეებად დაყო. სიტუაცია რთულდება სწორედ არარეგისტრირებულ პირებთან დაკავშირებით, რის გამოც მათ შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება მოუწევთ. მაგალითისთვის: ასეთ კატეგორიაში შედიან ძიძები, ოჯახის დამხმარეები, ასევე რეპეტიტორები, რომლებიც საბანკო ამონაწერის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ.