აბაშიძის ქუჩაზე მდებარე wolt georgia-ს ოფისთან კომპანია „ვოლტის“ კურიერების ნაწილმა მორიგი აქცია გამართა. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს კომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნები. „ვოლტის“ კურიერები ანაზღაურების გაზრდას, ღირსეულ სამუშაო პირობებს, კოლექტიურ გასაუბრებას ოფისის მენეჯმენტთან და „ვოლტის“ ხელმძღვანელობის – კერძოდ, კომპანიის დირექტორის, ოპერაციების დეპარტამენტის უფროსისა და მთავარი მენეჯერის ცვლილებას ითხოვენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ, მშვიდობიან აქციებს აანონსებენ. მათ მსვლელობით ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აგრეთვე, დღეს ოთხ საათზე არასამთავრობო სექტორსა და „ვოლტის“ კურიერებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც ერთგვარი კონსულტაციის სახე ექნება.
„ვოლტის“ სათავო ოფისმა დღეს წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ არაერთხელ შესთავაზეს პარტნიორ კურიერებს, გადასულიყვნენ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე და დასწრებოდნენ შეხვედრებს. განცხადების მიხედვით, შეთავაზება კვლავ ძალაშია, ასევე, მათი მტკიცებით, საკადრო ცვლილებები ადგილობრივ გუნდსა და მენეჯმენტში არ იგეგმება. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რომ ქართულ ბაზარზე ოპერირების ხუთი წლის განმავლობაში კურიერებისთვის ანაზღაურების ტარიფი არცერთხელ შეუმცირებიათ.