„ვოლტის“ კურიერების ნაწილის საპროტესტო აქციებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომპანია „ვოლტ საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა. ხელმძღვანელობის განცხადებით, პარტნიორი კურიერების მხრიდან, მოთხოვნების გაჟღერებისთანავე გამოხატეს მზაობა შეხვედრილიყვნენ მათ მცირე ჯგუფებად, ვინაიდან გაფართოებულ ფორმატში დისკუსია შედეგის მომტანად არ მიაჩნდათ. ერთ-ერთ არგუმენტად ხელშეკრულების კონფიდენციალურობასაც ასახელებენ. „ვოლტის“ მენეჯმენტის თქმით, აღნიშნული შეთავაზება ამ ფორმით კვლავ ძალაშია და მზად არიან მოუსმინონ აქციის მონაწილეებს. აგრეთვე, ხელმძღვანელობა არ გეგმავს კომპანიის მენეჯმენტის ცვლილებას – ხოლო ტარიფებსა და მანძილის დათვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე, მუშაობას კვლავ განაგრძობს. პრესკონფერენციის პარალელურად, გაფიცულმა კურიერებმა „ვოლტ ჯორჯიას“ შენობასთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.