ცვლილებები კოვიდ-კლინიკების მენეჯმენტში.
რესპუბლიკური საავადმყოფოდან დირექტორის გათავისუფლების და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ პოსტის დატოვებას ფიქრობს ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორი. ამ დრომდე უცნობია, შეხვდა თუ არა ჯანდაცვის მინისტრი თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც ბოლო პერიოდში კოვიდ-კლინიკების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, მათ შორის ფინანსური კუთხით, საკმაოდ მწვავე განცხადებით ეხმაურება. უკვე ცნობილია, რომ ყველა საავადმყოფოში მკურნალობის ხარისხის, ინფექციის კონტროლის და ფინანსური მხარის შემოწმების მიზნით აუდიტი მიმდინარეობს. მინისტრი არ უარყოფს, რომ აუდიტის შედეგად დარღვევები გამოვლენილია, თუმცა კონკრეტული კლინიკები ან ფაქტები არ სახელდება. სწორედ ზოგადი განცხადებების გამო საავადმყოფოების ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ზურა აზარაშვილს კონკრეტიკას სთხოვენ.