ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორის ემოციური განცხადების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს განმარტებების გაკეთება უწევს.
ზურა აზარაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ინფექციის კონტროლის თუ ფინანსური კუთხით ცალკეულ კლინიკებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მისი ცნობილი კომენტარი თენგიზ ცერცვაძეს და მის კლინიკას არ უკავშირდებოდა. ამ დრომდე უცნობია, დარჩება თუ არა თანამდებობაზე ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, რომელმაც სწორედ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო სამსახურიდან წასვლა არ გამორიცხა. ცალკეული საავადმყოფოების მიმართვის მიუხედავად, მინისტრს ისევ არ დაუსახელებია ის საავადმყოფოები, სადაც როგორც ამბობს, პაციენტების რაოდენობას ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მიზნით ხელოვნურად ზრდიდნენ, საუბარი იყო სხვა სერიოზულ პრობლემებზეც. ცალკეული დარღვევები დღეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემაც დაადასტურა.