ხანძარი წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის სამი კერიდან ორი სრულად ლოკალიზებულია. სოფელ სქურსა და მედანში ცეცხლის ღია კერები გუშინ საღამოს საათებში გაჩნდა. სოფელ მედანში, ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო და საფრთხე მოსახლეობასაც ემუქრებოდა, თუმცა მაშველებმა, დილის საათებში, ხანძრის სრული ლოკალიზება მოახერხეს.

ცეცხლი ჩაის ძველ პლანტაციაზე იყო გავრცელებული. დამწვარია დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ფართობი. რაც შეეხება სოფელ სქურს, იქ ცეცხლი ფოთლოვან მასივს მოედო. ერთი კერა უკვე ლოკალიზებულია. რჩება კიდევ ერთი რთული მონაკვეთი, რომელიც მიუვალია და მეხანძრეებს სპეცაღჭურვილობით, ქვეითად უწევთ მუშაობა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.