ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. მონიტორინგის მიზნით, ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ხანძრის კერებთან უწყვეტ რეჟიმში 300 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 97 გაფრენა განახორციელეს.

ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა და შტაბის მუშაობაში იყო ჩართული სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, ადგილზე ასევე მუშაობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ხანძრის ყველა კერა ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.