კეზერაშვილის როლი ოპოზიციურ გაერთიანებებში

ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე გადაჯგუფებების ფონზე კიდევ ერთხელ აქტიურდება დავით კეზერაშვილის ფაქტორი.

ცალკეული პოლიტიკური აქტორების ვოიაჟებმა გააჩინა კითხვა – გადიან თუ არა ოპოზიციონერი ლიდერები კონსულტაციებს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, რომელიც წელიწადნახევრის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაპირისპირების და რღვევის მთავარი მიზეზი გახდა. ლარნაკა-თბილისის რეისზე ერთ კოალიციაში მყოფი პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ვაშაძის ერთად გამოჩენამ ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. წინასაარჩევნო პროცესებში დიდი ალბათობით ამჯერადაც აქტიურად იქნება ჩართული კეზერაშვილი, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიიდან პროტესტით წასულმა ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ მმართველად გამოაცხადა და პოლიტიკისგან დისტანცირება საჯაროდ მოსთხოვა. კამერების წინ ოპოზიციონერი ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ კომუნიკაციას ექს-მაღალჩინოსანთან, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობის ფაქტს თავადვე აღიარებს. სწორედ მას მიიჩნევს მმართველი გუნდი ოპოზიციის მთავარ დამფინანსებლად.