კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ

გაცოცხლებული ძველი ინიციატივა, რომელმაც ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა.

ერთი წლის წინ მასობრივი აქციებისა და მწვავე პროტესტის შედეგად გაწვეული ცნობილი კანონპროექტი მმართველი პარტიის დღის წესრიგში ბრუნდება. „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენების შესახებ პროექტს თავიდან წარადგენს. საკანონმდებლო ინიციატივა იდენტური იქნება შარშან „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის. მთავარი ადრესატები ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ყველა მათგანი ვალდებული ხდება, რომ დაფინანსების წყაროები და მიზნები გაასაჯაროონ და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ. დონორების მხრიდან ფინანსების გამჭვირვალობაზე უარი ის მთავარი არგუმენტია, რითაც ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნის. მმართველი გუნდი მოახლოებული არჩევნების ფონზე გაზრდილ საფრთხეებზე მიუთითებს და პირდაპირ აცხადებს, რომ ცალკეული უცხოელი დონორები ქართული არასამთავრობო და მედია-საშუალებების და პარტიების გავლით საქართველოში რადიკალიზმს და რევოლუციურ სცენარებს აფინანსებენ. საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე და შეტევა სამოქალაქო სექტორზე – საკმაოდ მძიმეა რეაქციები პოლიტიკურ წრეებში.