პოლიტიკური ვნებათაღელვაა პარლამენტში.
ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა. პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებული რეზონანსული კანონპროექტის გამო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ხელისუფლება კიდევ ერთ ნეგატიურ გზავნილს იღებს. პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში სამოქალაქო სექტორისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს და ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვს გაერო. იმ არგუმენტით, რომ მესამე სექტორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან, ანუ ძირითადად ამერიკული და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პროექტს რუსეთში უკვე მოქმედი კანონის ანალოგად მიიჩნევენ. სადავო ინიციატივა უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციების და დონორებისგან მიღებული თანხების მიზნობრიობის წარდგენას და უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლებად დარეგისტრირებას ავალდებულებს. ხელისუფლება ოპონენტებს უცხოურ გავლენებზე ევროკავშირის ქვეყნებში ცოტა ხნის წინ ინიცირებულ თუ უკვე მიღებულ ინიციატივებს ახსენებს.