კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. საკითხის განხილვამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. მმართველი გუნდის ოპონენტების მხრიდან, დაგეგმილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ფასდება.
კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდის მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვა აუცილებელია და „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს.
საკანონმდებლო პაკეტი ჯამში ერთ ძირითად და 19 მოქმედ კანონში შესატან ცვლილებებს მოიცავს და ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდის წინააღმდეგ მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დოკუმენტით იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის ოპერაციები და ლგბტ თემის პროპაგანდა განათლების სექტორში. ცვლილებები ეხება შვილად აყვანას, რისი უფლებაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალ პირებს ექნებათ.