კანონპროექტი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.
პაკეტი ჯამში ერთ ძირითად და 19 მოქმედ კანონში შესატან ცვლილებებს მოიცავს და ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდის წინააღმდეგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვებში საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობდა. დანარჩენი ოპოზიცია კი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დოკუმენტით იკრძალება ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის ოპერაციები, ცვლილებები ეხება შვილად აყვანას. ასევე ელგბტ თემის პროპაგანდა იკრძალება განათლების სექტორში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდის მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვა აუცილებელია და „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს. საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები ოპოზიციისთვის მიუღებელია. მმართველი გუნდის ოპონენტების მხრიდან დაგეგმილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ფასდება.