სავარაუდოდ, მომდევნო წელს ქვეყანაში გარდაცვლილ ადამიანთა ორგანოების გადანერგვა დაიწყება.
ეს სერვისი ქვეყანაში წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო, რის გამოც მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპლანტაციის ცენტრებში უწევდათ გამგზავრება. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გასაწევად ადგილობრივი კლინიკების გადამზადება უკვე დაიწყო. პროცესში ჩართულია თურქული მხარე, რომელიც დაფინანსების გარდა ქართველ ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ტექნოლოგიური საკითხების მოგვარებაში ეხმარება.
გვამური დონაციის დასანერგად 23 წლის წინ მიღებული კანონმდებლობის გამართვა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებაა საჭირო – მთავრობის შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია.