სამედიცინო დახმარების პროგრამა უკრაინელებისთვის

საქართველოში მყოფ დევნილ უკრაინელებს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

ჰოსპიტალი პროგრამას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის დახმარებით ახორციელებს. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ამერიკული მხარე, ასევე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში 28 000 უკრაინელი დევნილი იმყოფება. სამედიცინო მომსახურების მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლა შეეძლებათ იმ უკრაინელებსაც, რომლებიც უკრაინაში ომის პირობებში ვერ იღებენ შესაბამის სერვისს. კლინიკა მათ სთავაზობს ქირურგიულ ოპერაციებს, მოზრდილთა და პედიატრიულ ამბულატორიულ მოვლას, ასევე დიაგნოსტიკურ მომსახურებას. პროგრამის ღირებულება 800 000 დოლარია.