კანდიდატის სტატუსი - რეკომენდაციებზე მუშაობა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების შემდეგ, საქართველო ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად ქართულმა მხარემ ის ცხრა ახალი დავალება უნდა შეასრულოს, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება. 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ევროკომისიისგან უკუკავშირს ელოდება. მმართველი გუნდი 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში კარს ღიას ტოვებს და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესში ჩაერთვება. თუმცა შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ინკლუზიური პროცესის შექმნას – ამ დრომდე ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას აპირებს და აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოში ევროპული პოლიტიკის და ერთად მუშაობის დრო მოვიდა.

ამ ეტაპზე პროცესს „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კვლავ ემიჯნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ფიქრის პროცესშია. ამასთან, ოპოზიცია მმართველი გუნდისგან 9 ნაბიჯის სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ითხოვს.