დავით ბერძენიშვილმა საპატრიარქოსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სტალინისტები უწოდა. პარტია „რესპუბლიკელების“ ლიდერმა ეს განცხადება ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ბერძენიშვილმა თქვა ისიც, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ამას ქართველობის დაცვით ხსნის.
დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი სახელმწიფოს საფუძვლების შერყევაა. მართლმადიდებელ ეკლესიაზე ამ ფორმით საუბარი არასწორია ოპოზიციის ნაწილისთვისაც, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ თემას „ქართული ოცნება“ პერიოდულად, მიზანმიმართულად ააქტიურებს და ამ ფორმით წინასაარჩევნო პიარკამპანიას აწარმოებს.