სტიქიის ზონად ქცეული საომარი მოქმედებების ეპიცენტრი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, დატბორილია დასახლებული პუნქტების ნაწილი, 14 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 22 ათასზე მეტი ადამიანი დატბორვის საფრთხის წინაშეა. მდინარე დნეპრის დონემ უკვე 10 მეტრით აიწია. მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის 80-მდე დასახლებიდან მიმდინარეობს. კაშხლის აფეთქების გამო, საფრთხე ემუქრება ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილების სისტემის მუშაობას. ასევე დიდი ალბათობით წყალმომარაგება შეუწყდება ყირიმს. უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნები კაშხლის აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებენ. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს ომის დასაწყისიდანვე რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, თუმცა მოსკოვში მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და სადგურის დაბომბვაში უკრაინის ხელისუფლებას სდებენ ბრალს. კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევი და მოსკოვი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვენ.