კახეთში სტიქიის შედეგებს დილიდან ითვლიან. ყვარელში ძლიერი სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დაზიანდა. მევენახეების თქმით, ზოგიერთ ადგილზე ვენახების 80-90% განადგურებულია. ძლიერმა ქარმა ქალაქში მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა, რის გამოც მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. უამინდობის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა. ამ დრომდე აბონენტების ნაწილს დენი არ მიეწოდება. ადგილზე მუშაობს „ენერგო პრო- ჯორჯიას“ რამდენიმე ბრიგადა.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლაგოდეხის მერთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სტიქიის შედეგად შექმნილი პირველადი ვითარება და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. ორივე მუნიციპალიტეტის სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ზარალის შემსწავლელი კომისიები.