რეზონანსული კანონპროექტი ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტის ფონზე დამტკიცდა.
თბილისში იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კოორდინატორი იყო. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა კითხვა – რა მიზნით ჩამოვიდა ბლინკენის თანაშემწე და ხომ არ უკავშირდება მისი ვიზიტი შესაძლო სანქციების საკითხს. ო’ბრაიენი უკვე შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, ოპოზიციას და მესამე სექტორს. მთავარი სასაუბრო თემა, ბუნებრივია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონია, რომელიც ოფიციალურმა ვაშინგტონმა არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და განცხადებებს გამაფრთხილებელი გზავნილებიც დაურთო. იყო სურვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის, თუმცა როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ აუდიენციაზე უარი თქვა. რა გავლენას მოახდენს სადავო კანონის მიღება სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობაზე – რამდენიმე წუთის წინ ო’ბრაინმა მედიისთვის პირველი განცხადებები გააკეთა. თუ კანონი შეიცვლება ისე, რომ ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს, ეს ჩვენს პარტნიორობას გაამყარებს – ამბობს ენტონი ბლინკენის თანაშემწე.