ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილი პერსონალი სამედიცინო სერვისების აღსადგენად დახმარებას ითხოვს.

მთავარ პრობლემად კადრების გადინება სახელდება. როგორც ირკვევა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან კლინიკის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეთავაზებული კომპენსაციებით და წინადადებებით ასეულობით ექიმმა და ექთანმა ისარგებლა. თანამშრომლების დიდი ნაწილი სხვა კლინიკებში დასაქმდა, ან წასვლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია აიღო. შედეგად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაციონარი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და ექიმების დეფიციტია. მას შემდეგ, რაც ზურა აზარაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახალმა პრემიერმა შეცვალა და შენობის შენარჩუნების შედეგად რეორგანიზაციის პროცესი შეწყდა, კლინიკა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საავადმყოფოში დაგროვილი პრობლემები ჯანდაცვის ახალ მინისტრს პირადად გააცნეს.