პანდემიის მართვა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, კლინიკებში მიმდინარე შემოწმება – ამ თემებზე ჯანდაცვის მინისტრს დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუხდა საუბარი.
ზურა აზარაშვილს დეპუტატებმა მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, რა დროსაც დეპუტატების ძირითადი კითხვები კოვიდ-კლინიკებისთვის გადარიცხული მილიარდი ლარის ხარჯვის მიზნობრიობას, მაღალ სიკვდილიანობას და საავადმყოფოში გამოვლენილ იმ დარღვევებს ეხებოდა, რაზეც მინისტრმა ცოტა ხნის წინ თავად ისაუბრა. თუმცა აზარაშვილს არც დღეს დაუსახელებია ის საავადმყოფოები, სადაც, როგორც თავად ამბობს, ფინანსური დარღვევები და სერიოზული ხარვეზები აღმოაჩინეს. გამოსვლის დროს ძირითად თემებს შორის ასევე იყო თურქეთიდან შემოტანილი წამლების ხარისხი, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი პროექტები, ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოება.